rss
email
twitter
facebook

Sunday, May 23, 2010

მათ დემოკრატია ჩამოაცვეს თავზე?! o_O


"ამერიკის მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დღესდღეობით არ მოიძებნება წარმომადგენლობითი ფიგურა, რომელიც შეერთებული შტატებისათვის მსოფლიოს ერთადერთი სამხედრო ზესახელმწიფოს მდგომარეობის მარადიულობის წინააღმდეგი იქნებოდა." 
ენდრიუ ბეცევიჩი

ჩალმერს ჯონსონი, რომელიც 1973 წლამდე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მუშაკი იყო, თავის წიგნში "The Sorrows of Empire. Militarism, Secrecy, and the End of the Republic" საუბრობს შეერთებული შტატების იმპერიალისტურ ხასიათზე და მოჰყავს მაგალითები უახლოესი წარსულიდან, რამაც ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა და მას თანამედროვე მსოფლიოს იმპერია უწოდა დემოკრატიის პრინციპებზე აღმოცენებული, რომელიც უკვე ღია სკეპტიციზმს იმსახურებს ექსპერტების მხრიდან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის გამო ახლოაღმოსავლეთსა და  ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 
მისი მთავარი ქონსერნი აღნიშნულ ნაშრომში არის პრეზიდენტის უფლებამოვალეობების გაზრდის ტენდენცია და სამხედრო პირების მიერ საკუთარი კომპეტენციების გადაჭარბების მცდელობა, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ერაყის და ავღანეთის ომებში. მაქს ვებერის ცნობილი გამოთქმა იმპერიების შესახებ, რომლის მიხედვითაც "ჩინოვნიკობის უმთავრეს ძალაუფლების ბერკეტს წარმოადგენს სამსახურეობრივი ცოდნის ე.წ. "Dienstwissen" გადაქცევა საიდუმლო ცოდნად ე.წ. "Geheimwissen" ტერმინის – სამსახურეობრივი საიდუმლოება "Dienstgeheimnis" მეშვეობით, საბოლოო ჯამში არის ბერკეტი, კონტროლისაგან მმართველობის დასაფარად. ცნება სამსახურეობრივი საიდუმლოება არის ბიუროკრატიის სპეციფიური ქმნილება, და არაფერი იცავს ბიუროკრატიას იმაზე უფრო შემართებით, ვიდრე ამგვარი პოზიცია. წმინდა ძალაუფლებრივი ინსტინქტიდან გამომდინარე, ბიუროკრატია შეებრძოლება პარლამენტის ნებისმიერ მცდელობას, საპარლამენტო ექსპერტებისა ან ინტერესთა ჯგუფის საშუალებით მოიპოვოს ეს ცოდნა. ბიუროკრატია ამ ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მიესალმება ცუდად ინფორმირებულ, და ამრიგად, უძალო პარლამენტს– ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს არ ცოდნა ბიუროკრატიის ინტერესებს ემთხვევა". 
სწორედ მაქს ვებერის მიერ გამოთქმული აზრი ეთანხმება ჯონსონის მიერ დანახულ პრობლემატიკას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში და არამარტო (ვიეტნამი, კორეა, პანამა და სხვ.) ახლოაღმოსავლეთში ცდილობს გარკვეული საომარი ინფორმაციების დაბლოკვას ომის ქვეყნებიდან და ამ გზით საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას. ამ ტენდენციას ბევრი მაგალითი ამტკიცებს, რომელთაგან კუნძულ ოკინავაზე განხორციელებული გაუპატიურების ბარბაროსული ინციდენტი ასახავს, რომლის დამალვასაც ცდილობდნენ ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 1996 წ. 
ჯონსონის ნაშრომში ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმ იურიდიული ხელშეკრულებების არსი (SOFA= Status of Forces Agreement), რომლის თანახმადაც მას კონფლიქტის ზონებში ეძლევა უფლება საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსების. ამ ხელშეკრულების საფუძველზე პირი–უცხოელი, რომელიც დანაშაულში არის ბრალდებული, თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უნდა გადაეცეს, თუმცა რეალურად სურათი სრულიად სხვაგვარია. SOFA-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულების უმრავლესობა იმგვარადაა შედგენილი, რომ ადგილობრივი სასამართლოების იურისდიქცია ამერიკელ სამხედროებზე არ ვრცელდება; ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თავად ამერიკული სამხედრო უწყებები მისცემენ ნებას. ყველაზე მარაზმული ფაქტი კი აქ ის არის, რომ ამერიკელი სამხედროები არ ექვემდებარებიან საპასპორტო–საკონტროლო პროცედურებს და მათ უმრავლესობას, რომლებიც მკვლელობაში და მასიურ გაუპატიურებებში არიან მხილებულნი, ადვილად შეუძლია ქვეყნის საზღვრების დატოვება ყოველგვარი პასუხისგებაში მიცემის გარეშე.  
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აშშ–ის ზღვისიქითა საჯარისო შენაერთები არ ექვემდებარებიან საგარეო საქმეთა დეპარტამენტს, არამედ ცენტრალურ დაზვერვას და სხვა საიდუმლო სახელმწიფო სადაზვერვო ორგანიზაციებს.
ჯონსონი ასევე ყურადღებას ამახვილებს შეერთებული შტატების იმპერიალიზმის ორგვარ ხასიათზე.  ამათგან პირველი მილიტარისტული იმპერიალიზმია, რომელიც ძირითადად რესპუბლიკური მთავრობისთვისაც არის დამახასიათებელი და რომელსაც ასევე "ნეოკონსერვატორული" იმპერიალიზმის სახელითაც მოიხსენიებენ მას–მედიაში. მეორე ტიპის იმპერიალიზმს კი იგი ჰუმანიტარულ იმპერიალიზმს უწოდებს, რომელიც დემოკრატი ხელისუფლებისათვის არის დამახასიათებელი და ხშირად "ლიბერალური იმპერიალიზმითაც" მოიხსენიება.  ლიბერალი იმპერიალისტების იდეალიზმი გამოიხატება იდეაში, რომლის თანახმადაც "მსოფლიო დემოკრატიისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს". (გაიხსენეთ უილსონისეული თოთხმეტი პუნქტი).
ჯონსონის კრიტიკის კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი გავლენიანი ქვეყანაა სხვა გავლენიან ქვეყნებს შორის, რომელიც არ ემორჩილება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. აშშ–ის სუფრიმ ქორთ არც გუანტანამოს პრობლემის დროს იღებდა ყურად ამ სასამართლოს პრეტენზიებს და არც ქვეყნის შიდა კრიმინალურ საკითხებს უთანხმებდა უკვე ფედერალურ დონეზე. 
"ამერიკა არ არის ჩვეულებრივი საერთაშორისო მოქალაქე. იგი წარმოადგენს მსოფლიოს ისეთ დომინანტურ ძალას, რომლის დარიც რომის იმპერიის შემდეგ არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე, აშშ–ს ძალუძს ნორმების თავიდან დეფინირება, მოლოდინების შეცვლა და ახალი რეალიების დამკვიდრება. როგორ? – საკუთარი ნების შემტევი და შეურიგებელი დემონსტრირების გზით". 
ჩვენ არ გვინდა ახალი რომი, ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირი და არც სხვა რომელიმე მსოფლიო ჰეგემონი! და არც ის გვინდა რომ ამას პატრიოტიზმით აღვსილი რომელიმე ამერიკის მოქალაქე აცხადებდეს! 
მე არ მინდა მჯეროდეს, რომ მსოფლიოს მართლაც ჩამოაცვეს დემოკრატია თავზე. 
P.S. ყოველშემთხვევაში I don't hope so and u don't hope so probably. :))))

0 comments:

Post a Comment